საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "სხვა ეპოქას გვახსენებს". ამ წუთებში სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის გამო აღძრულ საქმეს აპროტესტებენ.
პრეზიდენტი წერს:
"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ????
ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!" - წერს ის.
დღეს მხატვრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნული გალერეის დირექტორმა და ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა მაცაცო გაბუნიამ და სანდრო სულაბერიძის პერფორმანსს "ინფანტილურ მავნებლობას" უწოდა. მისი განცხადებით, ხელოვანებმა სამომავლოდ, "პერფორმანსები" ისე უნდა დაგეგმონ, რომ "კანონთან კონფლიქტში არ შევიდნენ".
4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.
11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".